აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი 10 აპრილს მიემგზავრება ტურნეში, რომლის ფარგლებშიც აშშ-ის მოკავშირეებთან შეხვედრებს გამართავს უკრაინასა და რუსეთს შორის მზარდი დაძაბულობისა და, ვაშინგტონის თქმით, მოსკოვის მხრიდან „დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქცევაზე“.
შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში ოსტინი შეხვდება მთავრობათა და სამხედრო ლიდერებს ისრაელში, გერმანიაში, ნატოს შტაბბინაში და დიდ ბრიტანეთში.
პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოსტინი „შეხვდება თავის კოლეგებს და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, რათა განიხილოს საერთაშორისო ურთიერთობები თავდაცვის სფეროში“ და კიდევ ერთხელ გაამყაროს შეერთებული შტატების მიერ ნაკისრი ვალდებულებები ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
პენტაგონის თანახმად, ოსტინი ბრიუსელში შეხვდება ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. ისინი ისაუბრებენ იმაზე, თუ „როგორ უმკლავდება ალიანსი რუსეთის ქცევას, რომელიც დესტაბილიზაციისკენაა მიმართული“; ასევე „ჩინეთის გაძლიერებაზე; ტერორიზმსა და COVID-19-ის პანდემიასთან და კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ გლობალურ გამოწვევებზე“.
ოსტინი ბერლინში შეხვდება გერმანიის თავდაცვის მინისტრ ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერს და კანცელარიის მრჩეველს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, იან ჰეკერს.
ოსტინის ტურნეს დაწყებამდე ერთი დღით ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართა კონსულტაციები იმაზე, რომ საჭიროა რუსეთმა შეწყვიტოს შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან.