საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პასუხი კორონავირუსის ტესტზე უარყოფითია. ამის შესახებ მან „ფეისბუკის“ პირად გვერდზე დაწერა.
„ტესტი უარყოფითია! მადლობა ყველას ვინც მომიკითხა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გუშინ, 6 აპრილს გადავიდა. ამის მიზეზად რისკების თავიდან აცილება დასახელდა.
„რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.
აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ 6 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს 6 აპრილს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. საქართველოს პრეზიდენტს მასთან კონტაქტი სამი დღის წინ, ფოლკლორისტ ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვის ცერემონიაზე ჰქონდა. თავად სალომე ზურაბიშვილი "ასტრაზენეკას" ვაქცინის პირველი დოზით 18 მარტს აიცრა.