დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დაახლოებით 20-30 პროცენტს ახალი შტამი აქვს. ამ მონაცემების მედიისთვის მიწოდების დროს ის დაეყრდნო ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტს.
"ახალი შტამის 80-ზე მეტი შემთხვევაა იდენტიფიცრებული, მაგრამ ეს არის, რაც ლაბორატორიულად იდენტიფივცირდება. რა თქმა უნდა, შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია. სხვადასხვა შეფასებითი მაჩვენებლით, მათ შორის ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მაჩვენებლებით, დღეს ბრიტანული შტამის ცირუკულაცია არის დაახლოებით, საერთო ცირკულირების 20-30 პროცენტამდე", - განაცხადა გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათში გამოვლენილია კორონავირუსის 687 შემთხვევა. ნახევარზე მეტი - 351 თბილისში. 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 285 645 შემთხვევა. მათგან 275 547 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3840 ადამიანი.