ბრიუსელში დღეს გაიმართა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომა, ბლოკში შემავალი ყველა წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით. საბჭოს მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების გაგრძელებას.
მინისტრთა კომიტეტზე მოისმინეს უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის, ანგარიში, რომელშიც საგანგებო ყურადღება გამახვილდა ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიზნით გასული კვირაში ევროკავშირის ძალისხმევით გამართული ინტენსიური მედიაციის პროცესზე.
„ეს საქმიანობა გრძელდება. მსურს გავიმეორო, საჭიროა, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიების ყველა ლიდერმა პირველ ადგილზე უნდა დააყენოს ქართველი ხალხის ინტერსები, მიაღწიონ აუცილებელ კომპრომისს და ყურადღება დაუთმონ სხვა ისეთ გადაუდებელ საკითხებს, როგორიცაა კორონავირუსის პანდემია, ეკონომიკური აღორძინებისა და ეროვნული უსაფრთხოება“, - განაცხადა 22 მარტს ჟურნალისტებთან ონლაინ პრესკონფერენციის დროს უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.
მან უპასუხოდ დატოვა ჩვენი ბრიუსელელი კორესპონდენტის რიკარდ იოზვიაკის შეკითხვა, ხომ არ იგეგმება კრისტიან დანიელსონის მეორედ ჩამოსვლის შემდეგ საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებების ფორმატის გაფართოება და მასში ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მონაწილეობა.
ევროკავშირის მინისტრთა კომიტეტის 22 მარტის გადაწყვეტილებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი, ამ კვირის ბოლოს კვლავ ესტუმება საქართველოს, პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისკენ მიმართული მედიაციის პროცესის გაგრძელების მიზნით.