საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური კახეთის რეგიონის ერთ-ერთი სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ინციდენტში მონაწილე ბრალდებულ ქალს მანდატურის სამსახურზე დაუსაბუთებელ თავდასხმაში ადანაშაულებს.
"ინციდენტში მონაწილე პირებთან დაკავშირებით რაიმე სახის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია სასკოლო სივრცეში, სკოლის ტერიტორიაზე, სადაც მანდატურის სამსახურის კომპეტენცია ვრცელდება. ამის მიუხედავად, როგორც კი მანდატურისთვის ცნობილი გახდა, რომ არასრულწლოვნების მიმართ ადგილი ჰქონდა ბულინგის ფაქტს, მან მყისიერი რეაგირება მოახდინა და ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა. ამასთან, განხორციელდა შემთხვევის რეფერირება მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში. ინციდენტში მონაწილე ბრალდებული ქალბატონის მხრიდან დაუსაბუთებელი თავდასხმა მანდატურზე, სავარაუდოდ, იმ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ პოლიციაში შეტყობინება სწორედ მანდატურმა მოახდინა, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. მანდატურის სამსახური მოუწოდებს ყველა პასუხისმგებლიან მოქალაქეს, ძალადობის ნებისმიერი ფაქტის შესახებ ინფორმაციის ფლობისთანავე მიმართოს სამართალდამცავ სტრუქტურებს“, - წერია განცხადებაში.
შვილიშვილის თანაკლასელებზე ძალადობაში ბრალდებულ ქალს სასამართლომ 21 მარტს 4 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლო სხდომის დაწყებამდე ბრალდებულმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და მანდატურის სამსახური იმ ვიდეომტკიცებულების დამალვაში დაადანაშაულა, რომელიც მის შვილიშვილზე განხორციელებულ ძალადობას ასახავდა. ბრალდებული ქალის თქმით, მე-6 კლასელებთან მომხდარ ინციდენტს წინ უძღოდა ძალადობა, რა დროსაც კლასელებმა მის შვილიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ბოდიში დაჩოქილს მოახდევინეს.
"მანდატურის სამსახურს პირველ ვიდეოზე რომ მსგავსი რეაგირება ჰქონოდა, ეს აღარ მოხდებოდაო", - განაცხადა ბრალდებულმა.
ბავშვებზე ძალადობის შემთხვევა 2020 წლის ნოემბერში მოხდა და მედიაში 4 თვის შემდეგ გაშუქდა. მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში, რომელიც, დაახლოებით, 4 წუთს გრძელდება, ჩანს მიწაზე გვერდიგვერდ დაჩოქილი ორი მეექვსეკლასელი ბიჭი, რომლებსაც უფროსები თანაკლასელისთვის ბოდიშის მოხდას აიძულებენ. იქვე დგას მათი კლასელიც. გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 4 ნოემბერს, სკოლის მოსწავლეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტის გამო, მე-6 კლასის მოსწავლეებმა თანაკლასელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე აიძულეს დაეჩოქა და თანაკლასელებისთვის ბოდიში მოეხადა.
აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა მოსწავლის ბებიისთვის, რომელმაც 2020 წლის 8 ნოემბერს შვილიშვილის ორი თანაკლასელი ანალოგიური მეთოდით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, დააჩოქა მუხლებზე და თავისი შვილიშვილისთვის ბოდიში მოახდევინა.
ამ ფაქტს მობილურით იღებდა ძალადობის მსხვერპლი ერთ-ერთი არასრულწლოვნის მშობელი. პროკურატურა ძალადობაში ბრალდებულ ბებიას სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (იძულება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 18 თვემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.