აშშ-ის ქალაქი მინეაპოლისი (მინესოტის შტატი) 27 მილიონი დოლარის გადახდას დაპირდა შარშან მაისში პოლიციის დაკავების დროს დაღუპული აფრიკელი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის ოჯახს, სასამართლოს წინა შეთანხმების ფარგლებში.
ფლოიდის ოჯახის ადვოკატის თქმით, ეს არის ყველაზე დიდი თანხა, რაც კი ოდესმე გადაუხდიათ მინესოტის შტატში ადამიანის სიკვდილისათვის ზარალის ანაზღაურების სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით. ადვოკატის თქმით, ეს გადაწყვეტილება არის ნიშანი იმისა, რომ პოლიციის ხელით ფერადკანიანი ადამიანის სიკვდილი „მომავალში აღარ იქნება მიჩნეული, როგორც ჩვეულებრივი და უმნიშვნელო რამ, რასაც შედეგი არ მოჰყვება“.
ამ შეთანხმების შესახებ ცნობილი გახდა პრესკონფერენციაზე, რომელშიც მინეაპოლისის მერი და ჯორჯ ფლოიდის ნათესავები მონაწილეობდნენ.
მიყენებული ზარალის შესახებ სარჩელის თაობაზე მიღწეული ეს შეთანხმება არ მოხდენს არანაირ გავლენას პოლიციის ოფიცრების წინააღმდეგ მიმდინარე სისხილის სამართლის საქმეზე. ამ დღეებში უკვე დაიწყო ნაფიც მსაჯულთა შერჩევა პოლიციელ დერეკ შოვინის საქმეზე, რომელმაც ფლოიდის დაკავების დროს უშაულოდ გამოიყენა მხუთავი ილეთი. პლიციელს რამდენიმე, მათ შორის მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი ბრალი.
აფრიკელი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის დაკავება 25 მაისს მოხდა.
თვითმხილველების მიერ გავრცელებულ კადრებზე ჩანდა, რომ პოლიციელი, რომელსაც თითქმის ცხრა წუთის განმავლობაში ჰქონდა მუხლი დაჭერილი ფლოიდის კისერზე, მას ეუბნება, რომ „შეწყვიტოს ლაპარაკი“, როცა ფლოიდი თავისი სიცოცხლისთვის საფრთხეზე ლაპარაკობდა.
ფლოიდის სიკვდილმა პოლიციის სისასტიკისა და სისტემური რასიზმის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლების ტალღა გამოიწვია მთელს აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ.
ფლოიდის დაკავებაში მონაწილე ოთხივე პოლიციელი გაათავისუფლეს სამსახურიდან და მათი საქმე სასამართლოს გადაეცა.