კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების მიუხედავად, ისრაელში დაინფიცირების შემთხვევების მაღალი მაჩვენებლის შესახებ ილაპარაკა „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
იმუნოლოგი კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს სახელმწიფოს მუშაობას უფრო პროდუქტიულად აფასებს, ვიდრე ისრაელის.
„ისრაელი, რომელმაც პროცენტულად ყველაზე მეტი რაოდენობა აცრა მოსახლეობის, ახლა ამბობენ, რომ ორი მესამედი აცრილია ისრაელში, თან „პფაიზერის“ ვაქცინით, სავარაუდოდ, ყველაზე უკეთესით; ყველაზე სარწმუნო მონაცემებით, ისრაელში ბოლო ერთი კვირაა ახალი შემთხვევების რაოდენობა არ ჩამოდის 4000-ზე ქვევით. მაგალითად, გუშინ იყო 5000 ახალი შემთხვევა. ჩვენ გვაქვს სამასი შემთხვევა ახალი, ხან - 100, ხან - 200, 400-ზე მეტი არა და ისრაელს აქვს 4000-5000 შემთხვევა. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ რა ცერცვაძე ვაქცინის ეფექტურობას ეჭვის ქვეშ აყენებს? არა. ეჭვის ქვეშ ვაყენებ იმას, რომ ვაქცინა არ არის და არ უნდა იყოს განხილული, როგორც ერთადერთი საშუალება და სხვა ეპიდსაწინაღმდეგო ზომები უნდა გაგრძელდეს ერთხანს, სანამ არ იქნება ვაქცინის პარალელურად გამოგონებული ეფექტური ანტივირუსული მედიკამენტი ვაქცინასთან წყვილში. მაშინ დამარცხდება პანდემია. ვაქცინით მოვახდენთ პრევენციას და მედიკამენტით ყველას განკურნებას. ეპიდსამსახურებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა ისევე თავგანწირვით და მონდომებით, როგრც ამას აქამდე აკეთებდნენ. მე ვიტყვი ამას და შემომედავოს ვინც უნდა - ჩვენი სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი უკეთესად მუშაობს ალბათ, ვიდრე ისრაელის. ცუდი რამე ვთქვი ახლა, ათასი ვინმე შემომედავება, იმიტომ, რომ მათ [ისრაელს] ვაქცინა აქვთ და ჩვენზე 10-ჯერ მეტი ახალი შემთხვევა აქვთ. არ უნდა დავაკნინოთ ყველაფერი ჩვენი, არ უნდა გვქონდეს იმის მოთხოვნილება, რომ საქართველოში ყველაფერი ცუდია და უცხოეთში კარგი“, - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 9 პაციენტი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 25 349 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 360 შემთხვევა.