გარდაბნის მუნიციპალიტეტში შესწავლილი დოკუმენტების მიხედვით, აუდიტის სამსახურმა აღმოაჩინა, რომ რიგ შემთხვევაში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. მაგალითად, 2019 წლის 29 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა მანქანის 43-ლიტრიან ავზში 49 ლიტრით მეტი, 92 ლიტრი საწვავი ჩაასხა. მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლის საქმიანობაზე დასკვნა 2021 წლის 5 თებერვალს გამოქვეყნდა.
აუდიტის დასკვნაში 6 შემთხვევა გამოტანილი. მათ შორის, 2-2 შემთხვევა ერთსა და იმავე მანქანაზე მოდის.
"სულ 2018-2019 წლებში გამოვლინდა 191 მსგავსი შემთხვევა, რა დროსაც ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით ჩასხმულია 3,1 ტონა საწვავი", - ვკითხულობთ დასკვნაში.
აუდიტის სამსახურმა გამოავლინა ისეთი შემთხვევებიც, როცა მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა 3 საათში 45-ლიტრიან ავზში ბიუჯეტის ფულით ნაყიდი 212 ლიტრი საწვავი ჩაასხა. ეს ავზის მოცულობას 4,7-ჯერ აღემატება. აუდიტის სამსახურმა ისეთი 5 მანქანა აღმოაჩინა, რომელიც ავზზე გაცილებით მეტი მოცულობის საწვავს რამდენიმე წუთის ინტერვალით ასხამდა.
გარდა ამისა, აუდიტის დასკვნის მიხედვით, 6 ტონამდე საწვავი ავტომობილებში ჩასხმულია სხვადასხვა ქალაქში ისეთ დროს, როდესაც მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირები არ იმყოფებოდნენ ქვეყნის შიგნით სამსახურებრივ მივლინებაში.
ამ ჩამონათვალში მოხვდა ის მანქანა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ტარიელ ჯანხოთელი იყენებს.
"მივლინებაში ვიყავი, მაგრამ მაგ ჩამონათვალში რატომ მოხვდა [ჩემი მანქანა] არ ვიცი... რამდენჯერმე ჩავასხი საწვავი, მათ შორის თბილისიდან გასვლის დროს და მარტო ლანჩხუთი რატო მოხვდა არ ვიცი", - ასე პასუხობს ჯანხოთელი მის მიმართ გაჩენილ კითხვებს.
მანქანაზე [GG-077-MM], რომელზეც რადიო თავისუფლებას საკრებულოში უთხრეს, რომ მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი იყენებდა, თავად მერი ამბობს, რომ "სამორიგეო მანქანაა" და მის გარდა სხვა პირებიც სარგებლობენ. სწორედ ეს მანქანა მოხვდა აუდიტის დასკვნის რამდენიმე ნაწილში, მათ შორის არამივლინების დროს მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ საწვავის ჩასხმისა და დროის მოკლე ინტერვალით საწვავის შევსების ეპიზოდზე.
"შესაბამისი სამსახურები მიმართავენ აუდიტის სამსახურს. ის, რომ 43-ლიტრიან ავზში 45 თუ 55 ლიტრი ჩაასხეს, ეგ დასაზუსტებელია... არ არის დოკუმენტებით [მიღებული ინფორმაცია], საიდან ამოიღეს არ ვიცი", - თქვა მუნიციპალიტეტის მერმა და დამატებით კითხვებზე პასუხის მისაღებად წერილის მიწერა ითხოვა.