ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში პრეპარატ პლაქვენილის გამოყენებისას არც ერთი სერიოზული გართულება არ დაფიქსირებულა და იმ გართულებებიდან, რაც სხვადასხვა ქვეყანაში მის გამოყენებას მოჰყვა, რთული სათქმელია, რამდენად იქცა ისინი პაციენტების გარდაცვალებსი მიზეზად.
"არც ერთი სერიოზული გართულება ჩვენთან არ დაფიქსირებულა. ეს არ ნიშნავს, რომ პრეპარატმა არ შეიძლება მოგვცეს გართულება" - ამბობს თენგიზ ცერცვაძე და არ გამორიცხავს, რომ პრეპარატი, რომელიც დროებით ამოიღო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ "სოლიდარობის კვლევებიდან", რამდენიმე კვირაში კვლავ დაბრუნდეს ამ კვლევაში.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, პრეპარატი როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში გამოიყენებოდა მძიმე და ძალიან მძიმე პაციენტებთან, სადაც ისედაც მაღალი იყო გარდაცვალების რისკი.
"უცხოეთში იყო გართულებები დაფიქსირებული, მაგრამ არ თქმულა, რომ ეს გართულებები იყო სიკვდილის მიზეზი" - ამბობს თენგიზ ცერვაძე, რომელიც ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ამერიკის და ევროპის წამყვანი კლინიკების პროკოტოლებში კვლავ არის პლაქვენილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "სოლიდარობის კვლევიდან", რომლის ფარგლებშიც რამდენიმე პრეპარატზე მიმდინარეობს დაკვრივება, პლაქვენილი 25 მაისს ამოიღო იმის გამო, რომ პაციენტებში, რომელთაც ჰიდროქსიქლოროქინი/ქლოროქინით („პლაქვენილით“) მკურნალობდნენ, სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებიდან პრეპარატის დროებით ამოღებიდან ორი დღის შემდეგ, მისი გამოყენება კოვიდ პაციენტებთან აკრძალა საფრანგეთის მთავრობამაც.
ამავე თემაზე: ჩვენ რას ვაპირებთ? - „სოლიდარობის“ კვლევა COVID-პაციენტებში „პლაქვენილის“ გამოყენებას აჩერებს
რაზე ვლაპარაკობთ, როცა ვლაპარაკობთ პრეპარატ პლაქვენილზე