დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ „სახალხო რესპუბლიკებში“ ახალ ხელმძღვანელებსა და დეპუტატებს ირჩევენ. მედიის ცნობით, „დსრ“-ში ოთხასზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, „ლსრ“-ში კი - სამასამდე.
„დსრ“-ის ხელმძღვანელის პოსტზე ხუთი კანდიდატი იბრძვის, „ლსრ“-ში - ოთხი. მთავარი პრეტენდენტები არიან სეპარატისტების მოქმედი ლიდერები - დენის პუშილინი და ლეონიდ პასეჩნიკი. მათ შეცვალეს მოკლული ალექსანდრ ზახარჩენკო და გადამდგარი იგორ პლოტნიცკი.
სეპარატისტული რეგიონების ე.წ. პარლამენტებში 100-100 დეპუტატს ირჩევენ.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკების საარჩევნო კომისიების თანახმად, „დსრ“-ში კენჭისყრაში მონაწილეობდა ამომრჩეველთა 80,1%, „ლსრ“-ში კი - 77%.
კიევი არჩევნებს უკანონოდ მიიჩნევს. უკრაინის პროკურატურამ ადრე სისხლის სამართლის საქმე აღძრა კენჭისყრის ორგანიზატორთა წინააღმდეგ.
დონბასში ვითარების მოგვარების საკითხებში სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის უკრაინულმა მხარემ მოითხოვა ჯგუფის რიგგარეშე სხდომის დაუყოვნებელი მოწვევა „ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონ არჩევნების ჩატარების გამო“.
ევროკავშირმა და აშშ-მა სევე დაგმეს არჩევნები. ევროკავშირმა განაცხადა, რომ, მინსკის შეთანხმებების თანახმად, ნებისმიერი არჩევნები ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლდება, უნდა გაიმართოს უკრაინის კანონმდებლობის ფარგლებში და ეუთოს სტანდარტების შესაბამისად.
მოსკოვი აცხადებს, რომ კენჭისყრა არ არღვევს მინსკის შეთანხმებებს.