წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში ქვის გადამამუშავებელ კარიერზე მუშაობისას ტრაქტორის მძღოლი დაიღუპა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ფარცვანიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ დაღუპული 46 წლის მამაკაცია. მას ტვირთის გადაზიდვისას ტრაქტორი აღმართიდან მოუცურდა, ტრანსპორტი ამოტრიალდა და ქვეშ მოყვა. ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. ის დაბა ჯვარში სამუშაოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენიდან იყო ჩასული. შემთხვევა 13 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.