პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე დაკავებულია სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის სიონის სატყეო უბნის N2 სამცველოს ყოფილი ტყის მცველი (ბ.ნ.). ის ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, 2018 წლის 13 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.
„მან არაჯეროვნად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. კერძოდ კი, 2018 წლის იანვარსა და თებერვალში სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ბ.ნ.-ს სამოქმედო ტერიტორიაზე 2300 კბმ - 3026 ძირი უკანონოდ მოჭრილი სხვადასხვა ჯიშის ხე გამოავლინეს, რის შედეგადაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 287 200 ლარი შეადგინა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.ნ. 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის დეკემბრამდე მუშაობდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის სიონის სატყეო უბნის დარბაზის N2 სამცველოს ტყის მცველად.ის იყო მოხელესთან გათანაბრებული პირი და მის ძირითად მოვალეობაში შედიოდა ტყის დაცვა.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირთა, მათ შორის - საჯარო მოხელეთა, მხილების მიზნით. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5-წლამდე ვადით.