აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აკვირდება ფინანსურ სიტუაციას თურქეთში, სადაც ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტა, ლირა თითქმის 20%-ით გაუფასურდა ამერიკულ დოლართან მიმართებით. თეთრი სახლის ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელმა, კევინ ჰესეტმა ტელეკომპანია MSNBC-ის განუცხადა, რომ აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი ვითარებას დიდი ყურადღებით აკვირდება. ჰესეტის თქმით, თურქული ალუმინის იმპორტი, რომელსაც აშშ-მა გადასახადი გაურომაგა, თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტის უმცირესი წილია, ამიტომ ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურება ცხადყოფს, რომ თურქეთში ფუნდამენტური ეკონომიკური პრობლემებია.
10 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც აშშ-მა თურქეთიდან ალუმინის იმპორტის გადასახადი გააორმაგა, დღის განმავლობაში ლირა გაუფასურდა დაახლოებით 16%-ით და 2001 წლის შემდეგ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. წლის დასაწყისიდან თურქეთის ეროვნული ვალუტის კურსი 40%-ითაა დაცემული. პრეზიდენტმა ერდოანმა ლირის გაუფასურებას უწოდა პოლიტიკური შეთქმულების შედეგი.
თურქეთსა და აშშ-ს შორის ბოლო ხანს გაუარესებული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა თურქეთში ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაპატიმრებამ, რასაც ვაშინგტონის მხრიდან მოჰყვა ანკარისთვის სანქციების დაწესება. ბრანსონს თურქეთის ხელისუფლება ადანაშაულებს ჯაშუშობასა და კავშირში 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიჩნეულ ოპოზიციონერ საზოგადო მოღვაწესთან, აშშ-ში მცხოვრებ ფეტულა გიულენთან.