აშშ-მა კვლავ აამოქმედა ნაწილი ირანის საწინააღმდეგო სანქციებისა, რომლებიც შემსუბუქებული იყო ირანის ბირთვულ პროგრამაზე 2015 წელს მიღწეული შეთანხმებით. 7 აგვისტოს ამოქმედებული ზომები მიმართულია ამერიკული დოლარის გამოყენებით ფინანსური ტრანზაქციების, საავტომობილო მრეწველობის, თვითმფრინავებისა და სხვადასხვა ლითონის შეძენის, ისევე როგორც სპარსული ხალიჩებით ვაჭრობის წინააღმდეგ. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 7 აგვისტოს დილას ტვიტერში დაწერა, ვინც ირანთან ბიზნესით იქნება დაკავებული, ვერ ექნება ბიზნეს-ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან. დაგეგმილია ნოემბერში დამატებითი სანქციების შემოღება - ირანის ნავთობმრეწველობისა და ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ. ტრამპმა წელს აპრილში გამოაცხადა, რომ აპირებს შეერთებული შტატების გაყვანას 2015 წლის შეთანხმებიდან, რომელსაც ირანთან და აშშ-თან ერთად ხელი მოაწერეს ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა, რუსეთმა და გერმანიამ. 6 აგვისტოს ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ყველა ქვეყანას მოუწოდებს ირანის მიმართ სანქციებისაკენ, რათა თეირანის რეჟიმი დადგეს არჩევანის წინაშე: ან შეცვალოს „მუქარის შემცველი, დესტაბილიზაციის მომტანი ქცევა“, ან კიდევ ინტეგრირებულ იქნეს გლობალურ ეკონომიკაში.