რუსეთ-საქართველოს ომიდან მეათე წლისთავის გამო, განცხადება გაავრცელა ევროკავშირის უამღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ. მან ევროკავშირის სახელით კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ევროკავშირის მიერ საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მხარდაჭერა ისეთივე მყარია, როგორ ყოველთვის“ - ნათქვამია განცხადებაში. ფედერიკა მოგერინი აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთს კვლავ ჰყავს სამხედრო ძალები, რაც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რომლებიც გათვალისწინებულია ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით.
ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოში სტაბილიზაციის და კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევაში ჩართულობა და მონაწილეობა, მათ შორის, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარის რანგში, დაეხმაროს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევას და გააგრძელოს ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა.
ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ წინადადებათა პაკეტს ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ,“ რომელსაც სარგებლის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეებისთვის ვაჭრობის გამარტივების, განათლებისა და მობილობის საშუალებით. მოგერინი აღნიშნავს, რომ მსგავსი ინიციატივები სრულად შეესაბამება ევროკავშირის ჩართულობის პოლიტიკას საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან მიმართებაში.
„ამ ათი წლის განმავლობაში საქართველომ განამტკიცა დემოკრატიული ინსტიტუტები და განახორციელა რეფორმები კანონის უზენაესობის სფეროში. საქართველომ წარმატებით განავითარა ეკონომიკა და მნიშვნელოვანი მიმართულება გახდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ტურიზმისათვის. დღეს ის რეგიონში დემოკრატიული სტაბილურობის მისაბაძი მაგალითია. ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ ფართომასშტაბიან შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, რაც მომდევნო წლებში ჩვენს შორის ორმხრივ ურთიერთობებს განსაზღვრავს. 2017 წლის მარტში საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალაში შევიდა უვიზო მიმოსვლა მოკლევადიანი ვიზიტებისთვის. ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობა ჭეშმარიტი პარტნიორობაა, რომელიც პოლიტიკურ ასოცირებას, ეკონომიკურ ინტეგრაციასა და ჩვენს ხალხებს შორის მტკიცე მეგობრობას ეფუძნება” - ნათქვამია ფედერიკა მოგერინის განცხადებაში.