ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების მიერ ბრიუსელის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით, კიდევ ნახევარი წლით გაგრძელდა ყირიმის ანექსიის და უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ვადა. ევროკავშირმა 2014 წელს დაწესებული სანქციების შენარჩუნების მიზეზად დაასახელა პროგრესის არარსებობა უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების პროცესში. სანქციების გამო, ათობით რუსულ ბანკს და კომპანიას შეზღუდული აქვს ევროკავშირის ბაზარზე წვდომა და აკრძალულია შეიარაღების იმპორტ-ექსპორტი. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასთან კავშირის მქონე რუსეთის 150-მდე მოქალაქეს აკრძალული აქვს ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა და გაყინულია მათი საბანკო ანგარიშები.