ნიდერლანდებმა და ავსტრალიამ რუსეთი ოფიციალურად დაადანაშაულეს უკრაინის აღმოსავლეთში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში მონაწილეობის გამო. ნიდერლანდების მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე 25 მაისს გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმად, ნიდერლანდებმა და ავსტრალიამ რუსეთს ოფიციალურად აცნობეს გადაწყვეტილება, მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის, სტეფ ბლოკის განცხადებით, სახელმწიფოს პასუხისგებაში მიცემა რთული იურიდიული პროცესია, თუმცა, ამის რამდენიმე საშუალება არსებობს. ბლოკის ინფორმაციით, ნიდერლანდებმა და ავსტრალიამ რუსეთს მიმართეს, ჩაერთოს მოლაპარაკებაში სამართლიანობის აღსადგენად აუცილებელი გადაწყვეტილების მოსაძებნად. მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთი შესაძლო ნაბიჯია საქმის გადაცემა საერთაშორისო სასამართლოსთვის. ნიდერლანდები და ავსტრალია რუსეთს მოუწოდებენ, აიღოს პასუხისმგებლობა და სრულფასოვნად ითანამშრომლოს სიმართლის დასადგენად და სამართლიანობის მისაღწევად დაღუპულებისა და მათი უახლოესი ნათესავებისთვის.
„მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი „ბოინგ 777,“ რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიემგზავრებოდა, 2014 წლის 17 ივლისს ჩამოვარდა უკრაინის დონეცკის ოლქში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ რაიონში. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი. მათი უმრავლესობა ნიდერლანდების მოქალაქე იყო. დაიღუპნენ ავსტრალიის, მალაიზიის, დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, კანადის, გერმანიის, ინდონეზიის, ახალი ზელანდიის და ფილიპინების მოქალაქეებიც.
კატასტროფის მიზეზთა გამოსაძიებლად ერთობლივი ჯგუფი შექმნეს ნიდერლანდებმა, მალაიზიამ, უკრაინამ, ბელგიამ და ავსტრალიამ. 24 მაისს, საერთშორისო საგამოძიებო ჯგუფმა განაცხადა, რომ სარაკეტო დანადგარი, „ბუკი,“ რომლითაც „ბოინგი“ ჩამოაგდეს, რუსეთის არმიას ეკუთვნოდა. კერძოდ, კურსკში დისლოცირებულ 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადას, საიდანაც 2014 წლის ივნისში გაიგზავნა დონეცკელი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ რაიონში.