რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის მკვიდრი, 23 წლის გიორგი კეფაშვილი. მისი ოჯახის წევრებმა რადიო თავისუფლებას უამბეს, რომ გიორგი სოფლის განაპირას საძოვრად მყოფი საქონლის მოსანახულებლად იყო წასული. სოფელი ფლავი ოკუპირებულ სოფელ ოტრევს ესაზღვრება და ტერიტორიის დიდ ნაწილზე მავთულხლართებია გავლებული. გიორგი კეფაშვილის ოჯახი ვარაუდობს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები თავად გადმოვიდნენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. ფლაველი ახალგაზრდის დაკავების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია „ცხელი ხაზი.“