მიხეილ ჯანელიძე: მთავრობისთვის მიუღებელია ქვეყანაში ფაშისტური ჯგუფების არსებობა
პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, მინისტრმა შეკითხვას პირდაპირი პასუხი ვერ გასცა. “ძალიან უხერხულია, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი კონკრეტულ შეკითხვას, უნდა განახორციელოს თუ არა სახელმწიფომ ადეკვატური ძალისხმევა, რომ დაუპირისპირდეს ფაშისტურ ჯგუფებს, რომლებიც „ქართული მარშის“ სახელით რეალურად ახორციელებენ რუსეთის დაკვეთას, ვერ სცემს პირდაპირ პასუხს“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. მისივე შეფასებით, რეალურად ამ ჯგუფებს საქართველოს ხელისუფლება მართავს და თავისი მიზნებისთვის იყენებს.
საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმყოფებოდა დეპუტატებისთვის ახალი სამთავრობო ინიციატივის, „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფციის“ გასაცნობად.