დღეს, 5 თებერვალს ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა, რომელზეც საქართველოს სამთავრობო დელეგაციას უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს რიგით მეოთხე შეხვედრაზე განიხილება ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელებისას მიღწეული პროგრესი და ასოცირების განახლებული დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს პრიორიტეტებს 2020 წლამდე პერიოდისთვის. სხდომის შემდეგ გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია. ბრიუსელში სამუშაო ვიზიტისას გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომს. საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში არიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი.