საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარე სარფის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მიმდინარეობს აქცია, რომლის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამენ 1 იანვრიდან ამოქმედებული ახალი წესის გამო. აქციაში მონაწილეობენ საქართველოს ის მოქალაქეები, ძირითადად აჭარის რეგიონის მცხოვრებნი, რომლებიც მეზობელ თურქეთში სამუშაოდ თითქმის ყოველდღე, რამდენიმე საათით გადადიან. მათი განცხადებით, თურქეთის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის 90 დღიანი ვადის გამოყენების შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში ვეღარ შევლენ ბინადრობის უფლებისა და სამუშაო ვიზის გარეშე და შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დარჩებიან. 2018 წლის პირველ იანვრამდე, თურქეთის ტერიტორიაზე დღის განმავლობაში შესვლა-გამოსვლა შესაბამის ბაზაში არ ფიქსირდებოდა, პირველი იანვრიდან კი, თუნდაც ერთი საათით ყოფნა ერთ დღედ ითვლება. ეს გადაწყვეტილება ვრცელდება უცხოეთის ყველა სახელმწიფოზე. წესების შეცვლის გამო, ბათუმში თურქეთის გენერალურმა საკონსულომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, თურქეთში 365 დღის განმავლობაში ყოფნა უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეებისა, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე ყოველდღიურად შედიან და გადიან, შესაძლოა, გახდეს კანონსაწინააღმდეგო ქმედების მიზეზი. თურქეთთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებს უფლება აქვთ თურქეთში უვიზოდ დარჩნენ 180 დღის განმავლობაში 90 დღით. უფრო მეტი ხნით ყოფნის შემთხვევაში სავალდებულოა ბინადრობის მოწმობის, ან სამუშაო ვიზის აღება.