ჭადრაკში მსოფლიოს მორიგი, რიგით მეთვრამეტე ჩემპიონი გახდა ინდოელი გროსმაისტერი გუკეშ დომარაჯუ. მსოფლიოს პირველობის მატჩის უკანასკნელ, მე-14 პარტიაში მან დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი, ჩინელი მოჭადრაკე დინ ლიჟენი. ამ გამარჯვებამ გუკეშს მთელს მატჩში გამარჯვება მოუტანა. მან 3 პარტია მოიგო, მისმა მეტოქემ - 2, ხოლო 9 პარტია ფრედ დასრულდა. მატჩი სინგაპურში გაიმართა.
ინდოელი გროსმაისტერი კლასიკური ჭადრაკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია. მაისში მას 18 წელი შეუსრულდა.
მატჩის დაწყებამდე სპეციალისტთა უმრავლესობა გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ სწორედ პრეტენდენტი იყო ფავორიტი. გუკეშმა წელს პრეტენდენტთა ტურნირში გაუსწრო უძლიერეს მეტოქეებს და სტაბილურ თამაშს აჩვენებს, მაშინ როცა დინი მარცხდებოდა ტურნირებში. მსოფლიო პირველობისთვის მატჩში ბრძოლა თანაბარი იყო, მაგრამ უკანასკნელ პარტიაში ჩემპიონმა შეცდომა დაუშვა.
მატჩმა უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია აზიის ქვეყნებში, განსაკუთრებით - ინდოეთში. მსოფლიო საჭადრაკო პირველობის ფინალში პირველად დაუპირისპირდა ერთმანეთს აზიის კონტინენტის ორი წარმომადგენელი.
მატჩისთვის დაწესებული იყო სარეკორდო საპრიზო ფონდი - 2,5 მილიონი დოლარი.
დინ ლიჟენი შარშან გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, როცა რუსეთის წარმომადგენელი იან ნეპომნიაშჩი დაამარცხა მას მერე, რაც მაშინდელმა ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა უარი თქვა ტიტულის დაცვაზე. კარლსენი კვლავაც ლიდერობს მსოფლიოს რეიტინგში.
მატჩი გამართა ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციამ. რუსეთის მოჭადრაკეებს უფლება აქვთ, მასში მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ არა ეროვნული, არამედ ფიდეს დროშით. მათ ასეთი აკრძალვა დაუწესეს უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ.