შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ნივთის დაზიანების ბრალდებით, კიდევ ერთი ადამიანი დააკავა. გ.ხ.-ს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შსს-ს მიხედვით, ბრალდებულმა "4 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, თანმხლებ პირებთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხული 7
ვიდეოსამეთვალყურეო კამერა დააზიანა".
პოლიციამ გ.ხ. თბილისში დააკავა. შსს აცხადებს, რომ სხვა მონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“
ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
გუშინ, 11 დეკემბერს, მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდებისთვის ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა 23 წლის დანიელ მუმლაძეს.
გამოძიება მასაც 112-ის კუთვნილი შვიდი კამერის დაზიანებას ედავება.
მეთხუთმეტე დღეა, რაც თბილისსა და სხვა ქალაქებში აქციები იმართება. მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვას ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დღის წესრიგში დაყენებაზე.
ამ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან, 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე შსს-ის თანამშრომლებმა თბილისსა და სხვა ქალაქებში პროევროპული საპროტესტო აქციების 400-ზე მეტი მონაწილე დააკავეს, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის ბრალდებით. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დემონსტრანტები მათ პოლიტპატიმრებს უწოდებენ.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.
დემონსტრაციები არაერთხელ დაარბიეს საპოლიციო ძალებმა, დაშავებულია არაერთი ადამიანი. მათ ნაწილზე პოლიციამ დაკავების და განყოფილებაში გადაყვანის დროს იძალადა. შსს იუწყება, რომ აქციის მონაწილეთა ნასროლმა ნივთებმა ათეულობით პოლიციელი დააშავა.
10 დეკემბერს ომბუდსმენმა დაწერა, რომ მისმა თანამშრომლებმა იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 337 ადამიანი; მათგან 225 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე, 157-ს კი ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.