ტელეარხ NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი ამბობს, რომ “რუსეთი ნამდვილად მზად არის, განიხილოს” პატიმრების კიდევ ერთი გაცვლა, იმის მსგავსი, როგორიც იყო აგვისტოში.
მისი თქმით, ახალი შეთანხმება „წინგადადგმული ჯანსაღი ნაბიჯი იქნებოდა, განსაკუთრებით (აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის) შემდეგი ადმინისტრაციის მუშაობის დაწყებისას.“
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ „არ სურს პროგნოზების გაკეთება", მაგრამ აცხადებს, რომ ამგვარი შეთანხმებები აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, თუმცა "მოითხოვს მრავალეტაპიან თუ მრავალსაფეხურიან მიდგომას ორივე მხრიდან“.
ერთი მხრივ, რუსეთს და მეორე მხრივ, აშშ-ს და დასავლეთის ქვეყნებს შორის, წელს, აგვისტოში, პატიმრების მსხვილი გაცვლა მოხდა: მოსკოვმა აშშ-ს და გერმანიას გადასცა 16 პირი, მათ შორის პოლიტპატიმრები და სანაცვლოდ მიიღო დასავლეთის ციხეებში მყოფი რვა რუსი.
მოელიან, რომ რუსეთს და დასავლეთს შორს პატიმრების გაცვლა თებერვალში მოხდება. ზოგიერთმა პირმა უკვე ითხოვა, არ შეიყვანონ გასაცვლელი ადამიანების სიაში. ესენი არიან რუსი სოციოლოგი, ბორის კაგარლიცკი, რომელიც "ტერორიზმის გამართლებისთვის" ხუთწლიან სასჯელს იხდის და ომის მომხრე ბლოგერის მკვლელობის შესახებ პოსტისთვის გასამართლებული აქტივისტი, იაროსლავ შიშიკოვი.