საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის ფონზე, საპროტესტო აქციებზე მთავრობის სასტიკი რეაქცია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების საფრთხეს ქმნის.
Human Rights Watch-ის განცხადებით, ევროკავშირმა დაგმო საქართველოს ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯების დრო დადგა. ევროკავშირმა უნდა მიაღწიოს ძალადობის დამოუკიდებელ გამოძიებას ევროპის საბჭოს და გაეროს ექსპერტების მიერ, რომლებმაც უნდა შეისწავლონ ძალის უკანონო გამოყენება, თვითნებური დაკავებები და სასტიკი მოპყრობის და წამების მზარდი მტკიცებულებები.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის თანახმად, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიაღწიონ კონსენსუსს საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების სანქცირების საკითხში და სავიზო შეზღუდვები დაუწესონ მთავრობის თანამდებობის პირებს და დიპლომატებს.
Human Rights Watch-ის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირების პარალელურად ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიერ დემოკრატიის დაცვის მხარდაჭერა.
უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ქართველ ხალხს, რომელიც ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, ევროკავშირის ლიდერებმა მორალურზე გაცილებით მეტი მხარდაჭერა უნდა გაუწიონ და საჭიროა კონკრეტული და გადამწყვეტი ნაბიჯები, რათა ადამიანის უფლებათა სფეროში შექმნილი კრიზისის შემდგომი ესკალაცია აღიკვეთოს.
თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ამასთან, „ქართული ოცნება" ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.
საპოლიციო ძალებმა თბილისში, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასაშლელად არაერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი, რაც შსს-ს თანახმად, საჭირო გახდა დემონსტრანტების მიერ ძალის გამოყენების და სამართალდამცავებზე თავდასხმების გამო. ამასთან, პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა აქციის არაერთ მშვიდობიან მონაწილეს.
აქციების დაწყების შემდეგ, 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი.