საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იღებს „გულწრფელი ადამიანებისადმი” პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეთავაზებას დისკუსიის შესახებ.
ჯანელიძემ კობახიძეს ფეისბუკით მიმართა: „მე მზად ვარ დავჯდე თქვენთან ერთად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და გავმართო საჯარო დისკუსია. მგონი, კარგად მიცნობთ და ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ ჩემს გულწრფელობაში. თუ რაიმე შედეგს მიაღწია ქართულმა ოცნებამ ევროინტეგრაციის გზაზე, მოკრძალებული წვლილი მეც მიმიძღვის. ამასთან, არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენ და არც ძალაუფლებისთვის ვიბრძვი”.
მიხეილ ჯანელიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 2015-2018 წლებში.
„ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით გამოწვეული პროტესტი აჩვენებს ქვეყანაში „წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემის” არსებობას.
დღეს, 2 დეკემბერს, კობახიძემ ნებისმიერი ფორმით და ფორმატით დისკუსია შესთავაზა მათ, ვინც პროტესტს „გულწრფელად" გამოხატავს და „თუ გაირკვევა, რომ არიან მართლები, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას".
თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.