სახალხო დამცველი სიმხეცეს უწოდებს სპეცრაზმელთა ძალადობას მომიტინგეების მიმართ, რომელთა ნაწილიც ლევან იოსელიანმა დიღმის იზოლატორში მოინახულა და აცხადებს, რომ 13 დაკავებულიდან 11 ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნე იყო.
“ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია, ადამიანები ჰყვებიან როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში. ამ შუალედში მათზე ხდებოდა იმგვარი ანგარიშსწორება, ისეთი ფიზიკური ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს ფაქტობრივად სისხლნაჟღენთებით. ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს“, - უთხრა ომბუდსმენმა ჟურნალისტებს.
ლევან იოსელიანი ლაპარაკობს დაუსჯელობაზე, რომელმაც ძალადობა წაახალისა და შესაძლოა ეს პროცესი მსხვერპლითაც დასრულდეს.
„მინდა მოვუწოდო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომ ეფექტურად გამოიძიოს ასეთი საქმეები. ასეთი საქმეების გამოძიების დაყოვნებამ მოიტანა ის, რომ აი ამ აქციებზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი არის ძალადობის მსხვერპლი, გაცილებით წინა აქციებისგან, გაცილებით ერთი წლის წინანდელი აქციებისგან. ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, ჩვენ შემდეგ აქციებზე კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება ვიღაც შემოაკვდეთ ასეთ პირობებში“, - განაცხადა ომბუდსმენმა.
ის ასევე მოუწოდებს პოლიციელებს, არ გადაამეტონ თავიანთ უფლებამოსილებას, „მიუხედავად იმისა, რა გააკეთა მოქალაქემ”, რადგან “ამისთვის არსებობს კანონი. კანონი უნდა დაიცვას, პირველ რიგში, სამართალდამცავმა”.
“შეიძლება ვიღაცამ დააშავა, მაგრამ იმ ადამიანს კანონით უნდა მივუდგეთ და არა ლინჩის წესით, რომ მიხვიდე და სახეში მუშტები ურტყა, ასეთი რამე დაუშვებელია. ეს ვნახე მე ჩემი თვალით, რომ შემოვედი აქ. დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ, მაგრამ ამბობენ, რომ სხვაგანაც აქვთ ასეთი დაზიანებები”, - უთხრა იოსელიანმა მედიის წარმომადგენლებს.
30 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პოლიციელების მხრიდან იყო "ცალკეული ინციდენტები", ხოლო მომიტინგეების მხრიდან "ბრუტალური, სისტემური ძალადობა".
უკვე ორი ღამეა, რაც რუსთაველის გამზირზე, შსს-ს თანამშრომლები სპეციალური საშუალებებით არბევენ მომიტინგეებს, დასდევენ მათ ქუჩებში და ფიზიკურად უსწორდებიან. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანან დასისხლიანებული ადამიანები. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მათ გამიზნულად ურტყამენ სახესა და თავის არეში.
ოფიციალური ინფორმაციით, გუშინ ღამით, გამთენიამდე დააკავეს 107 მომიტინგე.
29/30 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის თეატრის მიმდებარედ, პოლიციელებმა დემონსტრანტებს სხვადასხვა მხრიდან შემოარტყეს წრე, კედელთან მოიმწყვდიეს - და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათი ნაწილი დააკავეს.
არჩევნების სადავო შედეგებთან დაკავშირებულმა საპროტესტო აქციებმა განსაკუთრებით მასშტაბური სახე მიიღო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი, რაც აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის.