29 ნოემბრის დილის ცხრის ნახევრისთვის ჯერ კიდევ უცნობია თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლისას დაკავებულთა და დაშავებულთა ზუსტი რიცხვი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, „ამ ეტაპზე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე ინფორმაცია შემოვიდა 16 პირზე, აქედან 4 საავადმყოფოშია და 12 ჯერ კიდევ არ ჰყავთ შეყვანილი იზოლატორებში”.
თბილისში საპროტესტო აქცია 28 ნოემბერს, საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
„ქართულმა ოცნებამ" ეს გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციის და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრებიდან მესამე დღეს.
28 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს" და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენეს სპეცსაშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა კვერცხები, საღებავები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს.
აქციის დაშლისას ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს.