პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე, საპროტესტო აქცია მოჰყვა ზუგდიდში.
მოქალაქეთა ნაწილი სამეგრელო ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ საქართველოსა და ევროკავშირის დროებით.
აქციის მონაწილეების განცხადებით, “არალეგიტიმურმა მთავრობამ” უკვე ღიად თქვა უარი ევროპულ კურსზე და ქვეყანა რუსულ რელსებზე გადაჰყავს.
“საქართველოს ხელისუფლება ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს ევროკავშირთან და ასევე უარს ამბობს დაფინანსების მიღებაზე. ეს რა თქმა უნდა გამოიწვევს ეკონომიკურ კოლაფსს. გვაქვს მოლოდინი, რომ აუცილებლად ჩაიკეტება საზღვრებიც. ანუ საბოლოოდ ვამბობთ უარს ევროპულ გზაზე. ეს არის არაკონსტიტუციური ქმედება. ჩვენ ვიცით, რომ ხალხის ნება კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. ეს ე.წ მთავრობა არ ჯერდება იმას, რომ თვითნებურად შეიკრიბა 25 ნოემბერს პარლამენტში და თავზე გვახევს კონსტიტუციას… მე პირადად ყველა ჩემს რესურსს გამოვიყენებ, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს კვლავ ევროპულ რელსებს. მე მინდა ვალმოხდილი ვიყო ჩემი შვილის წინაშე. მოვუწოდებ ყველა ჩემ კოლეგას, ყოფილ მოსწავლეს მათ მშობლებს, გამოდით გარეთ და დაიცავით თქვენი ქვეყანა”,- თქვა რადიო თავისუფლებასთან საუბარში მანანა მიქავამ, ზუგდიდელმა მასწავლებელმა.
აქციის მონაწილეებს შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი რჩებიან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში 28 ნოემბერს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე არ იქნება მზად, დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამდე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეუჩერა საბიუჯეტო დახმარების დიდი ნაწილიც. მიზეზი „აგენტების კანონი“ და როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, სხვა არაევროპული კანონებია.