ირანი, 29 ნოემბერს, თავის სადავო ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს გამართავს ევროპის სამ ქვეყანასთან, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 24 ნოემბერს, რამდენიმე დღის შემდეგ მას მერე, რაც გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტომ მიიღო რეზოლუცია თეირანის წინააღმდეგ.
ირანმა - ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და შეერთებული შტატების მიერ წარმოდგენილ რეზოლუციაზე - რეაგირება მოახდინა სხვადასხვა ზომებით, როგორიცაა, გავრცელებული ინფორმაციით, მრავალრიცხოვანი ახალი და და უფრო დახვეწილი, ურანის გასამდიდრებელი, ცენტრიფუგების ამოქმედება.
იაპონიის საინფორმაციო სააგენტო Kyodo იყო პირველი, რომელიც იტყობინებოდა, რომ აღნიშნული შეხვედრა გაიმართება ჟენევაში. სააგენტოს თანახმად, ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის მთავრობა ეძებს გამოსავალს ბირთვული ჩიხიდან, იანვარში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის წინ.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაგაიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები და ევროპის სამი ქვეყანა მიიღებენ მონაწილეობას მოლაპარაკებებში, რომელიც, მისი თქმით, შეეხება რეგიონულ საკითხებს და ასევე, ბირთვულ თემას.
2018 წელს, მაშინ პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ს ცალმხრივად დაატოვებინა 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულება. ირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, ასევე გერმანიას შორის მიღწეული ეს შეთანხმება გულისხმობდა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის საპასუხოდ ირანისთვის დაწესებული სანქციების შერბილებას. აშშ-ის ამ ნაბიჯის საპასუხოდ ირანმა შემდგომ განაახლა ურანის ეტაპობრივი გამდიდრება.