ენმ-ის მარტვილის ორგანიზაციის ხელმძღვანელს და საკრებულოს წევრს, ზაალ გოროზიას, რომელიც ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებით არის დაკავებული, სენაკის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო (20 000 ლარი) შეუფარდა. დაკავებული თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.
სასამართლო პროცესს ესწრებოდა ბრალდებული, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
„ეს არის პოლიტიკური სცენარი. ბატონ პროკურორს მე ძალიან კარგად ვიცნობ, კარგა ხანია ვიცნობ. მას შეეძლო ჩემთან დაკონტაქტება და ეთქვა, რა მოხდაო ან ვიღაც გამოეშვა. მე ხომ ავუხსნიდი მას რეალურად რა მოხდა", - განაცხადა სასამართლო სხდომაზე ზაალ გოროზიამ. მანვე დღეს ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაიწყო საუბარი, რა მიზეზითაც სხდომა დაიხურა.
ზაალ გოროზიას სასამართლომ აუკრძალა მეუღლესთან კონტაქტი და მასთან მიახლოება. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
„ბრალდების მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. აღნიშნული გამოწვეული იყო იმით, რომ შესაძლებელი იყო ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და მოწმეებზე და დაზარალებულზე ზემოქმედება. სასამართლოს გადაწყვეტილება არის გაუგებარი. მას შემდეგ, რაც სასამართლოს მხრიდან მივიღებთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, ის ჩვენს მიერ იქნება გასაჩივრებული სააპელაციო წესით“, - განუცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პროკურორმა თეიმურაზ ჯალაღონიამ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაალ გოროზია პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 5 ოქტომბერს დააკავა. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ). შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ოქტომბერს მარტვილში, ბრალდებულმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.