გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს (ააიპ) ყოფილი და მოქმედი დირექტორები - გ.კ, დ.წ. და ზ.ი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი გულგრილობის საქმეზე პასუხისგებაში მისცა.
გამოძიების ვერსიით, „მიუხედავად სამსახურის დებულებით განსაზღვრული პერსონალური ვალდებულებისა, მაღალი თანამდებობის მქონე საჯარო მოხელეები არ ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას და არაეფექტურ კონტროლს უწევდნენ ორგანიზაციების სახელით განხორციელებულ ფინანსურ გადარიცხვებს, რითაც ისარგებლა ბუღალტერმა ლ.წ-მა, რომელმაც 2020 წლის 21 იანვრიდან 2022 წლის 7 აპრილის ჩათვლით პერიოდში სახაზინო ანგარიშიდან პირად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და საკუთარი საჭიროებებისათვის გამოიყენა სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 370 479 ლარი."
ბუღალტერი ლ.წ. დაკავებულია და მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა.
ააიპ-ის ყოფილ და მოქმედ დირექტორებს ბრალდება წარუდგინეს სსკ-ის 342-ე მუხლით (სამსახურებრივი გულგრილობა).
საქმეს იძიებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.