სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ტრიბუნიდან უპასუხა დეპუტატების კითხვებს ომბუდსმენის აპარატის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც ტყის კანონს შეეხება. დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან მას ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას ჰკითხეს, რატომ ებრძვის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას.
"დეპუტატებმა ისე წარმოაჩინეს, თითქოს სახალხო დამცველი ამ სარჩელით ებრძვის მართლმადიდებლურ ეკლესიას, ასევე ითქვა არასწორად, რომ სახალხო დამცველმა სარჩელი შეიტანა საპატრიარქოს წინააღმდეგ, რაც სამართლებრივად არასწორია - ეს სარჩელი შევიტანეთ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და გავასაჩივრეთ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, შესაბამისად, მოპასუხე მხარე ამ სარჩელში არის საქართველოს პარლამენტი.
ასევე, პატივცემულო დეპუტატებო, განგიმარტავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე წლის წინ მიღებული აქვს ანალოგიურ საქმეებზე ორი გადაწყვეტილება, ორივე საქმე დააკმაყოფილა და საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი პრაქტიკით უკვე თქვა, რომ მთელი რიგი საკანონმდებლო ნორმები, რომელიც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას აძლევს უპირატესობას თუ პრივილეგიას საგადასახადო თუ პრივატიზების მიმართულებით და ამ პრივილეგიით სარგებლობა სხვა რელიგიურ ორგანიზაციას არ შეუძლია, არის არაკონსტიტუციური და შესაბამისად, რამდენიმე ნორმის მოქმედება საკონსტიტუციომ გააჩერა.
საქართველოს სახალხო დამცველს აქვს უნიკალური მანდატი და შეუძლია კონკრეტული ნორმატიული აქტი გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში მაშინაც, როცა არ არის დაზარალებული" - თქვა ნინო ლომჯარიამ მისთვის დასმული კითხვების პასუხად.
ომბუდსმენმა ასევე განმარტა, რომ ტყის კოდექსის ამოქმედების შემდეგ არსებობენ დაზარალებულები, ვისაც აწუხებთ ეს საკითხი, თუმცა მათ ეშინიათ არ შეექმნათ პრობლემები სამართლებრივი დავის შემთხვევაში და სთხოვენ სახალხო დამცველს იყოს მოსარჩელე მათ მაგივრად.
"სახალხო დამცველი არის საკონსტიტუციო ინსტიტუტი, ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო მანდატი წავიღოთ საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოში" - განმარტა ომბუდსმენმა.
ნინო ლომჯარიამ "უცნაური" უწოდა იმას, რომ სახალხო დამცველის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წაღებული არაერთი სარჩელიდან სწორედ ეს გახდა დეპუტატების ინტერესის საგანი და განმარტა, რომ მათ წარდგენილი აქვთ არანაკლები მნიშვნელობის სხვა სარჩელებიც საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლების განხილვაც ჯერ დაწყებული არ არის. ლომჯარიას თქმით, ტყის კოდექსზე მომზადებული სარჩელის განხილვა სასამართლომ ცოტა ხნის წინ დაიწყო და "საზოგადოებას შეუძლია დასკვნების გამოტანა" ამ საქმეზე დეპუტატების აქტიურობის მიხედვით.
"ჩვენ მოვამზადეთ იმაზე მეტი საკონსტიტუციო სარჩელი, ვიდრე ამ ინსტიტუტს 20 წლის განმავლობაში მოუმზადებია" - თქვა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი დღეს, 7 ოქტომბერს პარლამენტში ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.