უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური განაგრძობს სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ქალაქ ზაპოროჟიეს იმ რაიონში, რომელზეც გუშინ, 6 ოქტომბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა მიიტანეს სარაკეტო იერიში.
7 ოქტომბრის დილის მონაცემებით, დადასტურებულია 11 ადამიანის სიკვდილი. მანამდე ცნობილი იყო, რომ სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა 7 ადამიანის სიცოცხლე. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ორი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს 21 გადარჩენილი.
ზაპოროჟიეზე შეტევა დღეს დილითაც განხორციელდა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ სტარუხის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეში დღეს პირველად გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები, სავარაუდოდ, ირანული Shahed-136. წინასწარი ინფორმაციით, დანგრეულია ინფრასტრუქტურის 2 ობიექტი.
რამდენიმე დღის წინ, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა ზაპოროჟიეს, დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონის ოლქები, რომელთა ნაწილს ისევ კიევი აკონტროლებს.