რუსეთის ძალებმა დაბომბეს სამხრეთ უკრაინა, იმ ფონზე, როცა რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ ოთხ ტერიტორიაზე გრძელდება ე.წ. რეფერენდუმები რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე.
უკრაინის არმიამ 25 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ათობით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმა განხორციელდა უკრაინის სამხრეთში, სამხედრო და სამოქალაქო სამიზნეებზე, მათ შორის 35 დასახლებაზე.
დაბომბვის ფონზე 25 სექტემბერს დაიწყო მესამე დღე რეფერენდუმებისა, რომლებსაც უკრაინა, დასავლეთი და გაერო ყალბს უწოდებენ, რადგან ისინი უკანონოა საერთაშორისო სამართლის მიხედვით. კენჭისყრა მიმდინარეობს ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ადგილებში და მას მიიჩნევენ მოსკოვის მხრიდან ამ ადგილების ოფიციალური ანექსირების გამამართლებელ ნაბიჯად.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მიმდინარე კვირაში გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია, რომლის შედეგადაც შესაძლოა ასი ათასობით სამხედრო შეუერთდეს მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ თებერვალში დაწყებულ ომს. მობილიზაცია გამოცხადდა მას მერე, რაც რუსეთის ძალებმა მნიშვნელოვანი ტერიტორიული დანაკარგები განიცადეს უკრაინის აღმოსავლეთში, კიევის კონტრშეტევის ფონზე.
უკრაინის წარმომადგენლების თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხალხს აეკრძალა საცხოვრებელი ადგილების დატოვება სანამ 27 სექტემბერს კენჭისყრა დასრულდება, ადამიანებს სახლებში აკითხავენ შეიარაღებული ჯგუფები, რათა ისინი აიძულონ ხმა მისცენ.