უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გარანტიები მისცა რუს სამხედროებს, რომლებიც უკრაინის ძალებს ჩაბარდებიან და რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა თავი აარიდონ მათ ქვეყანაში ახლახან გამოცხადებულ ნაწილობრივ სამხედრო მობილიზაციას.
24 სექტემბრის გამოსვლისას, რომლის დროსაც მან რუსულ ენაზეც ისაუბრა, ზელენსკიმ გარანტიები შესთავაზა იმ რუსებს, რომლებიც უკრაინაში ბრძოლისას ჩაბარდებიან და ისაუბრა რუსეთში ახლახან შემოღებულ სასჯელზე დეზერტირებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც გაწვევას თავს აარიდებენ.
"ყოველ რუს სამხედროს, რომელიც ჩაბარდება, უკრაინა სამ გარანტიას აძლევს. პირველი - თქვენ მოგექცევიან ცივილიზებული ფორმით, ყველა კონვენციის შესაბამისად. მეორე - არავის ეცოდინება თქვენი ჩაბარების გარემოებები, რუსეთში ვერავინ გაიგებს, რომ თქვენ საკუთარი ნებით ჩაბარდით. და მესამე - თუ რუსეთში დაბრუნება გაშინებთ და გაცვლა არ გინდათ, ამის უზრუნველყოფის გზასაც მოვძებნით" - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა "დანაშაული" უწოდა რუსეთში შემოღებულ ნაწილობრივ მობილიზაციას, რომელიც გამოცხადდა უკრაინაში თებერვლიდან, მოსკოვის არაპროვოცირებული შეჭრიდან მებრძოლი ძალების გასაძლიერებლად, იმ ფონზე, როცა ბოლო პერიოდში მათ უკრაინის აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი სამხედრო დანაკარგები იწვნიეს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც ამ კვირაში გამოაცხადა მობილიზაცია, 24 სექტემბერს ხელი მოაწერა კანონში შესწორებებს, რომლებიც ამკაცრებს სასჯელს ტყვედ საკუთარი ნებით ჩაბარებული სამხედროებისთვის და მათთვის, ვინც ომზე უარს იტყვის - ასეთი ქმედებები 10 წლამდე პატიმრობით დაისჯება.