"მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, აი აქ დაგორდეს ჯალათ ირაკლი ღარიბაშვილის თავი, თორემ მას მოუწევს მისი თავის დაგორება აი აქ.
ახალგაზრდა ბიჭზე ჯერ ცოცხლად იძალადეს, მერე იძალადეს მკვდარზე. ადამიანი ორი დღის წინ მიყვებოდა, გადავეფარე 21 წლის გოგოს, რომ გადავეფარე ჩემ თავზე არ ვფიქრობდი. ვფიქრობდი მხოლოდ ორ რამეზე, ჩაქოლვისგან დამეცვა და ჩემ შვილს თვალდათხრილი არ ვენახეო. ეს არის ამ მთავრობის სახე" - თქვა ვატო წერეთელმა, ტვ პირველის დამფუძნებელმა თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.
აქცია პარლამენტთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დილით ცნობილი გახდა, რომ 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების ნაცემი "TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
5 ივლისს, როცა თბილისის ცენტრალურ გამზირზე "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, ეს ადგილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა დაიკავეს. პოლიციელების თვალწინ სცემდნენ ჟურნალისტებს. როგორც ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, იმდენად მცირე რაოდენობის სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, რომ სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ დაიცავდნენ მათ უსაფრთხოებას.
ამ დროისთვის, ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელი მხოლოდ ორი პირია დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
თავდამსხმელთა რაოდენობა 20 მაინც იყო. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
გამოძიება 5 ივლისს მომხდარ ძალადობის ცალკეულ ფაქტებს იძიებს და ორგანიზებული დანაშაულის არსებობის შესაძლებლობაზე არ საუბრობს. 5 ივლისს 55 ადამიანი დაშავდა, მათგან 53 მედიის წარმომადგენელი იყო.