საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი, მარინ ლე პენი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და ევროპის სხვა ულტრამემარჯვენე ლიდერები აცხადებენ, რომ პირველ ნაბიჯებს დგამენ ევროპის პარლამენტში "დიდი ალიანსის" შესაქმნელად.
16 პარტიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ლე პენის პარტიამ გამოაქვეყნა, ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი "აგრძელებს თავის ფედერალისტურ გზას, რაც მას აუცილებლად აშორებს ხალხებისგან, რომლებიც ჩვენი ცივილიზაციის მფეთქავი გულია".
ლე პენის და ორბანის გარდა, ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ იტალიის ანტიიმიგრანტული ორიენტაციის პარტია "ლიგის", პოლონეთის მმართველი პარტიის, ბულგარეთის ეროვნული მოძრაობის და ავსტრიის პარტია "თავისუფლების" ლიდერები.
ერთობლივი განცხადების ფონია ლე პენის პარტიის მიერ განცდილი იმედგაცრუება საფრანგეთის რეგიონულ არჩევნებზე 27 ივნისს, სადაც მან ვერცერთ რეგიონში ვერ შეძლო გამარჯვება.