ძლიერმა ქარმა და წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა. საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელ გზაზე მოგლეჯილია ხეები და შეფერხებულია მოძრაობა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, რომ მრავალწლოვანი ხეებია მოგლეჯილი ქალაქ ლაგოდეხსა და რამდენიმე სოფელში, მათ შორის, კაბალში, ჰერეთისკარში, ნინიგორსა და ბაისუბანში.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა სოფელ კაბალში. ასევე სახურავის გარეშეა დარჩენილი სოფელ ნინიგორში რამდენიმე ოჯახის დამხმარე ნაგებობა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მოგლეჯილი ხე, ავტომობილს დაეცა.
სტიქიის გამო გაწყვეტილია ელექტროსადენები და წაქცეულია საყრდენები. მუნიციპალიტეტის დიდ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.