94 წლის ასაკში გარდაიცვალა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ დესტენი.
ჟისკარი, რომელიც 1974-1981 წლებში იყო საფრანგეთის პრეზიდენტი, ახლახან დააწვინეს საავადმყოფოში დასავლეთ საფრანგეთში მდებარე ქალაქ ტურში.
ის ცნობილი იყო თავისი პოლიტიკით, რომელიც მიმართული იყო საფრანგეთის საზოგადოების მოდერნიზებისკენ. მისი პრეზიდენტობის დროს საფრანგეთში შემოიღეს განქორწინება ორმაგი თანხმობის შემთხვევაში, მოხდა აბორტის ლეგალიზება, საარჩევნო ასაკის შემცირება 21-დან 18 წლამდე.
ვალერი ჟისკარ დესტენი ევროპის ინტეგრაციის ერთ-ერთ არქიტექტორად მიიჩნევა. მას მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა გერმანიის ყოფილ კანცლერთან, ჰელმუტ შმიდტთან და მასთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ევროპის საერთო ვალუტას.
1970-იანი წლების ეკონომიკური დაღმასვლის პირობებში ჟისკარმა პოპულარობა დაკარგა და შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები წააგო სოციალისტ ფრანსუა მიტერანთან.
მისი ხელმძღვანელობით შედგა ევროპის კონსტიტუციის პროექტი, რომელიც საფრანგეთმა და ნიდერლანდმა უკუაგდეს სახალხო რეფერენდუმებში 2005 წელს.
სამი ათწლეულის განმავლობაში ვალერი ჟისკარ დესტენი საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტად ითვლებოდა, სანამ ამჟამინდელი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დაიკავებდა ამ თანამდებობას 39 წლისა, ცხრა წლით უფრო ახალგაზრდა ასაკში, ვიდრე ჟისკარი იყო, როცა პრეზიდენტად აირჩიეს.