რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. ფაშინიანი შიდაპოლიტიკური ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მან გასულ თვეში ხელი მოაწერა რუსეთის შუამავლობით მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას მთიან ყარაბაღში ომის დასრულების თაობაზე.
2 დეკემბერს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ლიდერთა ონლაინსამიტზე პუტინმა თქვა, რომ კონფლიქტის შესაჩერებლად „ფაშინიანს მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებები უნდა მიეღო“.
„დღევანდელ სხდომაზე ყველას გაცნობიერებული აქვს პასუხისმგებლობის დონე, როცა ამგვარი გადაწყვეტილებები მიიღება. [ფაშინიანმა] იკისრა ეს პასუხისმგებლობა და ჩვენი ამოცანაა, მხარი დავუჭიროთ პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს მათ ძალისხმევაში, რათა დაამყარონ მშვიდობა, შეძლონ ყველა მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება, დაეხმარონ იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ“, - თქვა პუტინმა.
თავის მხრივ, ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში განლაგებულ რუსეთის სამშვიდობო ძალებს უწოდა „რეგიონში უსაფრთხოების გარანტები“ და აღნიშნა, რომ პუტინმა „განსაკუთრებული როლი“ ითამაშა „სისხლისღვრის შესაჩერებლად“.