პროკურორი დავით ყაზარაშვილი ამბობს, რომ "მთავარი არხის" დირექტორს, ნიკა გვარამიას, 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე წყაროების დასახელებას სთხოვენ. გვარამია გამოკითხვაზე დღეს, 11 ივლისს, 18 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა მივიდეს.
"ჩვენ გვაინტერესებს წყაროები, საიდან იყო ინფორმაცია მიღებული და რამდენად გააჩნია დადასტურებული ინფორმაცია. ჩვენ დაკითხვის შედეგად უნდა გავარკვიოთ, რა არის დადასტურებულად ნათქვამი და რა - არა", - თქვა მან გვარამიას გამოკითხვის დაწყებამდე.
ნიკა გვარამია სასამართლოში გამოკითხვაზე კრიმინალურმა პოლიციამ დაიბარა, რადგან მან უარი თქვა უწყებაში მისვლაზე. გვარამია არხის წამყვანიც არის და მან შაქარაშვილის საქმეზე თავისი ვერსიებიც გააჟღერა.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.