ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალისტის, იური ლომაძის, დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პოზიცია ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი კიკაბიძემ დააფიქსირა.
„ძალიან გვიკვირს, რომ ამ ცუდი ამბის დროს საუბარია იური ლომაძეზე, სპორტსმენზე, რომელიც, წლებია, საქართველოს ნაკრების წევრია და ერთი უმნიშვნელო კონფლიქტიც კი არავის ახსოვს მასთან მიმართებაში. ჭიდაობის ფედერაცია წუხს მომხდარის გამო. ველოდებით მოვლენების განვითარებას და ვთხოვთ ყველას თავი შევიკავოთ ნაადრევი დასკვნის გაკეთებისგან, მით უმეტეს, გავრცელებისგან“, - უთხრა კიკაბიძემ რადიო თავისუფლებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 5 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შსს-ს აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოზურგეთში ხუთი პირი დააკავეს: 1996 წელს დაბადებული ი.ლ., 2001 წელს დაბადებული ლ.ლ., 1996 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული მ.ბ. და 1992 წელს დაბადებული ი.დ. მათ ბრალი ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში.