რიჩმონდის მერის განკარგულებით, 2 ივლისს ქალაქიდან აიღეს აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს კონფედერაციის საზღვაო ძალების სარდლის, მეთიუ-ფონტენ მორის (Matthew Fontaine Maury) ძეგლი.
მანამდე, რიჩმონდის მერის, ლივარ სტოუნის განკარგულებით, სპეციალურმა ბრიგადამ პოსტამენტიდან ჩამოხსნა კონფედერაციის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული გენერლის, თომას ჯეკსონის, ძეგლი.
ძეგლების აღების ფონია აფრიკელი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ აშშ-ში დაწყებული საპროტესტო გამოსვლები, როგორც მისი მონაწილეები უწოდებენ, „რასობრივი სიძულვილის სიმბოლოების“ წინააღმდეგ.
რიჩმონდში, რომელიც 1861-65 წლების სამოქალაქო ომის განმავლობაში, „სამხრეთის“ დედაქალაქი იყო, კონფედერატთა 20-ზე მეტი ძეგლია აღმართული. წინა თვეში დემონსტრანტებმა რიჩმონდში პოსტამენტიდან ჩამოაგდეს კონფედერაციის პრეზიდენტის, ჯეფერსონ დევისის, ძეგლი.
ცოტა ხნის წინ შტატ ვირჯინიის დემოკრატმა გუბერნატორმა, რალფ ნორტემმა კონფედერაციის არმიის სარდლის, გენერალ რობერტ ლის ძეგლის დემონტაჟის განკარგულება გასცა, მაგრამ ქანდაკება სახელმწიფოს საკუთრებაა და მისი აღება სასამართლოს განკარგულებით შეჩერდა.
აშშ-ში მრავალი საპროტესტო გამოსვლა გაიმართა აფრიკელი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ. ინციდენტი მოხდა მინეაპოლისში, 25 მაისს, როცა პოლიციის მიერ დაკავებული ფლოიდი პოლიციელის მიერ კისერზე მუხლის დაჭერის შედეგად გარდაიცვალა.