არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "მთავარი არხის" ეთერში გასულ მასალაზე გამოძიების დაწყება ხელისუფლების მხრიდან არხის დემონიზებაა. ერთობლივ განცხადებას "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "სამართლიანი არჩევნები" და "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ავრცელებენ.
"მეორე მხრივ, ქვეყანაში აზრის გამოხატვის კონტროლსა და მასზე გამყინავი ეფექტის მოხდენას ცდილობს. აღნიშნული შეიცავს კრიტიკული მედიის დამოუკიდებლობაში აშკარა და უხეში ჩარევის ნიშნებს, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების არსებობას", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიუთითებენ, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძველია.
"ამ უფლების სათანადო უზრუნველყოფის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია სხვა უფლებების სრულყოფილი რეალიზაცია... დემოკრატიული და პლურალისტული საზოგადოების ჩამოყალიბება შეუძლებელია პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სარედაქციო პოლიტიკის თავისუფლებისა და სამართლებრივი დაცვის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფის გარეშე", - აღნიშნავენ ორგანიზაციები.
მათივე განმარტებით, თუ "მთავარი არხის" მომზადებულ მასალაში მცდარი ფაქტები გაშუქდა, ეს მაუწყებლის თვითრეგულირების ფარგლებში უნდა განიხილონ და არა სისხლის სამართლის საქმის აღძვრით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "მთავარ არხს" გუშინ, 2 ივლისს "საბოტაჟის საქმეზე" დაწყებული გამოძიების ფარგლებში "კოვიდსტატუსის გაყიდვაზე" მომზადებული მასალის დაუმონტაჟებელი ვერსია მოსთხოვა. მანამდე საგამოძიებო უწყებაში ამ არხზე გასულ სიუჟეტში მონაწილე პირები დაიბარეს და გამოკითხეს.
ამ საკითხზე საუბრის დროს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გამორიცხა "მთავარი არხის" სარედაქციო საქმიანობაში ჩარევა.
"დარწმუნებული ვარ, რომ "მთავარი", რა სახის გამოძიებაც არ უნდა დაიწყოს, არ დაუშვებს, მის სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ჩაერიოს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სამართლებრივი ჩარჩო არ აძლევს არავის შესაძლებლობას, პოლიტიკური თუ სხვა თვალსაზრისით ჩაერიოს მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში", - თქვა გახარიამ.