აშშ-ში შაბათ-კვირას კვლავ ელიან აქციებს, რომელთა მონაწილეები აპროტესტებენ რასიზმს და საპოლიციო სისასტიკეს და იმედოვნებენ, რომ ფართო რეფორმასა და პოლიტიკურ ცვლილებას შეუწყობენ ხელს.
აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც 25 მაისს აფრიკელ-ამერიკელი კაცი, ჯორჯ ფლოიდი, პოლიციელების ხელში, დაკავების დროს დაიღუპა. დემონსტრაციები ზოგჯერ ძალადობრივ ფორმას იღებდა და მაროდიორობასაც მოიცავდა, თუმცა ბოლო სამი დღის განმავლობაში აქციებმა ძირითადად მშვიდობიანი ფორმა მიიღო.
პოლიტიკური დაძაბულობა მაღალია ვაშინგტონში. გავლენიანი დემოკრატები მხარს უჭერენ დემონსტრანტთა მრავალფეროვან ჯგუფებს, რომელთა გზავნილიც პოლიციის სისასტიკის შესახებ აუდიტორიას პოულობს. მოქალაქეების ნაწილში უკმაყოფილებას იწვევს დემონსტრანტთა წინააღმდეგ გამოყენებული დრაკონული საპოლიციო ტაქტიკა.
მინეაპოლისში, სადაც ხელზე ბორკილებდადებული ფლოიდი დაიღუპა მას შემდეგ, რაც თეთრკანიანი პოლიციელი მას კისერზე მუხლს რვა წუთზე მეტხანს აჭერდა, ქალაქის დემოკრატი ლიდერები აცხადებენ, რომ გააუქმებენ პოლიციის უფლებამოსილებას, ადამიანის გასაკავებლად მუხლი ან ყელზე მკლავის მოჭერა გამოიყენონ - თუმცა ეს ინიციატივა მოსამართლემ უნდა დაამტკიცოს.
კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსონმა ბრძანება გასცა, სახელმწიფო საპოლიციო ტრენინგის პროგრამაში შეწყდეს იმგვარი ფიზიკური ტაქტიკების სწავლება, რომლებსაც შეუძლია ტვინისთვის სისხლის მიწოდება დაბლოკვა.
ვაშინგტონის მერმა, მიურიელ ბაუსერმა, რომელსაც პრეზდიენტ დონალდ ტრამპთან უთანხმოება აქვს მისი მოწოდების გამო დემონსტანტებს ძალისმიერი პასუხი გაეცეთ, თეთრ სახლთან მდებარე მოედანს, სადაც აქციები იმართება, ცერემონიულად დაარქვა "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" - რითიც მიანიშნა, რომ აშშ-ის დედაქალაქი მხარს უჭერს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე დემონტრაციებს.