კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობამ გადაწყვიტა იპოთეკური სესხები მოქალაქეებისთვის უფრო მიმზიდველი გახადოს და ასე შეუწყოს სამშენებლო ბიზნესს გადარჩენასა და თანამშრომლების შენარჩუნებაში. სამშენებლო სექტორის 4-პუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია დღეს, 28 მაისს გაიმართა. პროექტის ბიუჯეტი ჯამში 434 მლნ ლარია ლარია.
მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ სფეროში დასაქმებული 120 ათასი ადამიანი და ამ ბიზნესის წილი მთლიანი შიდა პროდუქტების 9 პროცენტია.
იპოთეკური სესხის - 70 მლნ ლარი
პირველი ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ვინც აიღებს იპოთეკურ სესხს, სახელმწიფო სესხის პროცენტის ნაწილს (4%) 5 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს. მთავრობის განმარტებით, სესხის საპროცენტო განაკვეთი, დაახლოებით, 7 პროცენტამდე დაეცემა. სახელმწიფო ჩაერთვება იმ შემთხვევაში თუ სესხის მოცულობა 200 ათას ლარს არ აღემატება.
როგორც მთავრობამ განმარტა, იპოთეკური სესხის აღების პირველ ეტაპზე, გადახდილი თანხის ძირითადი ნაწილი სესხის პროცენტს ხმარდება, შედარებით მცირე კი "ძირი თანხის" დაფარვას.
სახელმწიფო შეწყვეტს თანამონაწილეობას, თუ რეფინანსირების განაკვეთი 5 პროცენტს ჩამოცდება.
იპოთეკური სესხების გარანტია - 14 მლნ ლარი
სახელმწიფო გასცემს სესხის გარანტიას სესხის ოდენობის 20 პროცენტის ოდენობით. გარანტიის ვადა ამ შემთხვევაშიც 5 წელი იქნება და 2020 წლის პირველი ივნისიდან 31 დეკემბრამდე აღებულ სესხებს შეეხება.
ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ თანამონაწილეობა იყოს 10 პროცენტი.
დევნილი ოჯახებისთვის 3-ჯერ მეტი ბინის ყიდვა - 150 მლნ
სახელმწიფო დეველოპერების დასახმარებლად დევნილი ოჯახებისთვის 3-ჯერ მეტ ბინას იყიდის. 1,8 ათასი ბინისთვის 150 მლნ ლარს გამოყოფს. საშუალოდ, ერთ ბინა 83 ათასი ლარი დაჯდება.
მთავრობა ბინის ყიდვას აუქციონის საშუალებით გეგმავს, სადაც 1 კვადრატული მეტრის ფასი 1 700 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
მიმდინარე მშენებლობების დაზღვევა - 200 მლნ ლარი
სახელმწიფო კომპანიების მისცემს გარანტიას, რომ თუ ისინი საცხოვრებელი ფართის 30%-მდე ნაწილს ვერ გაყიდიან, ის თავად იყიდის ამ ქონებას. ეს ვალდებულება სახელმწიფოზე გარანტიის გაცემიდან სამი წლის ვადით ვრცელდება.
ამ შემთხვევაშიც 1 კვადრატული მეტრის ფასი 1 700 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.