უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს შეხვდა.
ორბანის მიერ სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე 10 დეკემბერს გამოქვეყნებული მოკლე ტექსტის თანახმად, შეხვედრა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში, ტრამპის რეზიდენციაში გაიმართა. „აშშ დღეს. მომავალი დაიწყო!“ - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.
ვიქტორ ორბანის ინფორმაციით, შეხვდა ილონ მასკსა და მაიკ უოლცსაც. ტრამპი აპირებს უოლცი დანიშნოს მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო კომპანიების, Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი - ახალი, ე.წ. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელად.
რა საკითხები განიხილეს ტრამპის რეზიდენციაში, ორბანი არ აკონკრეტებს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, ტრამპის რეზიდენციაში შეხვედრებს ისიც ესწრებოდა. სიიარტო დეტალების დაკონკრეტების გარეშე წერს, რომ მარ-ა-ლაგოში იყო კარგი დღე და ხანგრძლივი საუბარი დონალდ ტრამპთან, ილონ მასკსა და მაიკ უოლცთან.
დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში უმასპინძლა 2024 წლის ივლისშიც.
2024 წლის ნოემბრის ბოლოს რადიო თავისუფლების უნგრული სამსახური წერდა, რომ 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ტრამპი ორბანს ტელეფონით რამდენჯერმე ესაუბრა და სურდა გაეგო მისი აზრი უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელსაც მეგობრული ურთიერთობები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთანაც, არაერთხელ გააკრიტიკა ევროკავშირის მიერ უკრაინის დახმარება და ხელს უშლიდა მოსკოვისთვის სანქციების დაწესებას.
უკრაინისადმი აშშ-ის სამხედრო დახმარებას აკრიტიკებდა დონალდ ტრამპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება 2025 წლის 20 იანვრიდან.